Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობის შეხვედრა სტუდენტებთან

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ხელმძღვანელობის შეხვედრა სტუდენტებთან

27 მაისი 2022

სპორტული მედიცინა XXI-ის ეგიდით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი, დავით კერესელიძე და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ხათუნა საგანელიძე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.
პროგრამის ფარგლებში, რომლის ავტორიც ხათუნა საგანელიძე და პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანკ მაიერი არიან, დავით კერესელიძემ სტუდენტებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნო.
დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა რამდენიმე სპორტულ მიმართულებაზე აიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის არის “ტორპედო ქუთაისი” და “ინტერ საქართველოს აკადემია” და ძალიან მნიშვნელოვანია, კადრების განათლებაზე ზრუნვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიმართულებით კი უნივერსიტეტი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს უცხოური გამოცდილების გაზიარებასაც სთავაზობს. დავით კერესელიძის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში, უკვე დაიწყება მასშტაბური პროექტი და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
“სპორტული მედიცინა XXI” საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 90-მდე ახალგაზრდამ თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარა, ივნისიდან კი მეორე ნაკადის მიღება დაიწყება.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე უმასპინძლა რამდენიმე ღონისძიებას. მათ შორის იყო ჰოლანდიელი ტრენერების სემინარები, რომელიც ეხებოდა სპორტულ ტრავმებსა და რეაბილიტაციის სტრატეგიებს. პროგრამის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მოწვეულ საერთაშორისო კატეგორიის სპეციალისტებთან სემინარს დასწრებოდნენ. ასევე, უნივერსიტეტში ჩატარდა გერმანელი ოკუპაციური თერაპევტის, ზიგლინდ შულცის სემინარი.
საქართველოს სპორტული მედიცინის და ბავშვთა პარასპორტის ასოციაციების ურთიერთთანამშრომლობით, ივნისის ბოლოს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია გერმანელი სენიორ ექსპერტის, არნოლდ ბეკერის ტრეინინგი კინეზოთერაპიაში.

 

ტრეინინგები გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და ემსახურება სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას.